სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჩერებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ლარის გაუფასურება დაემატა.
უფრო კონკრეტულად, თებერვლიდან მოყოლებული დღემდე ლარი მუდმივად ანტირეკორდებს ამყარებდა და მარტის თვეში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 51 თეთრსაც კი შეადგენდა. სწორედ ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის ასეთი მკვეთრი დევალვაციის შესაჩერებლად მონეტარული პოლიტიკის შეცვლა დაიწყო. მათ მიერ დამტკიცებული მონეტარული ოპერაციების დებულების მიხედვით, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე დოლარის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს გაახშირებს. უფრო კონკრეტულად, ცენტრალური ბანკი ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე საჭიროებისამებრ ყოველდღიურად განახორციელებს ინტერვენციებს, რათა ლარმა შეძლოს გამყარება და თავის ბუნებრივ დონეზე დაბრუნება.
თუმცა, მიუხედავად აღნიშნული პოლიტიკის ცვლილებისა, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ მნიშნველოვნადაა გაუფასურებული და დღესდღეობით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. ამ ყველაფრის ფონზე კი ჩნდება ლოგიკური კითხვა, არის თუ არა ეროვნული ბანკის პოლიტიკა გაცვლითი კურსის მიმართ ეფექტური.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ლარის გაუფასურების მაღალ ნიშნულზე დარჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოში უცხოური ვალუტინებს შემოდინების მკვეთრი შემცირებაა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს პერმანენტურად სავალუტო ბაზარზე მცირე მოცულობით ინტერვენციებს.