თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარებიან. როგორც თბილისის მერმა კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან საუბრისას განაცხადა, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მიეცემათ გარკვეული რესურსები იმისათვის, რომ აღადგინონ ზიანი, რაც ხანძრის შედეგად მიადგათ.როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ვიდრე სახლის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება, ოჯახებს, რომლებსაც სხვაგან არ აქვთ თავშესაფარი, დედაქალაქის მერია ბინის ქირას გადაუხდის. თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე 10 მარტს საღამოს გაჩენილმა ხანძარმა 2000-2500 კვადრატულ მეტრამდე მოიცვა. სხვენი და სახურავი მთლიანად დამწვარია, ასევე, დამწვარია მესამე სართულის დიდი ნაწილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.