"თურქეთის ავიახაზები" კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი შიდა და საერთაშორისო ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფრენები 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც განახლდება.
მართალია, ფრენების განახლების ზუსტი თარიღი კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა "თურქეთის ავიახაზების" ოფიციალურ ვებ-გვერდზე თბილისი-სტამბოლის რეისისა და ბილეთის ფასის შესახებ მონაცემები უკვე განახლდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, პირველი რეისი თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით 28 მაისს შესრულდება და ეკონომ-კლასში ბილეთის ფასი 166 დოლარი და 36 ცენტი, ბიზნეს-კლასში კი 537 დოლარი და 86 ცენტი იქნება.
"თურქეთის ავიახაზების" ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ამავე პერიოდში თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ANADOLUJET-ი, რომელიც ასევე Turkish Airlines-ის სავაჭრო ნიშანია. ბილეთის ფასი კი 72 დოლარიდან და 36 ცენტიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 22 მაისამდეა ძალაში.