ხველა არის პაციენტის ექიმთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი. ხველის უხშირესი მიზეზია ზემო სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციები – „გაციება“, ანუ მსუბუქად მიმდინარე რინო-ფარინგიტი, ტრაქეიტი, რინო-სინუსიტი.
ამ დაავადებებისათვის დამახასიათებელია მშრალი ან მცირე რაოდენობით ნახველიანი ხველა, ტემპერატურის მეტ-ნაკლები მატება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი და ჩახეხვის შეგრძნება.
დაავადება უხშირესად ჩაივლის ყოველგვარი გართულების გარეშე. ანტიბიოტიკის გამოყენება საჭირო არაა. ადამიანი უნდა მოთავსდეს კომფორტულ გარემოში და მიიღოს რაც შეიძლება მეტი სითხე. სიმპტომების შესამცირებლად შეიძლება გამოვიყენოთ ამოსახველებელი, ან ხველის დამაწყნარებელი საშუალებები.
სპეციფიური გამოკვლევები საჭირო არ არის.