ეროვნულმა ბანკმა "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა. სებ-ის ინფორმაციით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება: სესხის მომსახურებამ ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას მსესხებელს, ვინაიდან სესხი გაიცემა იმ პირებზე, ვისაც ვალდებულების ადეკვატური შემოსავლები აქვს.
ცვლილებების მიხედვით, მათ შორის ლარში გაცემული იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება. უფრო კონკრეტულად ცვლილების შემდეგ, სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა: ლარით გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში ან თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია – არაუმეტეს 20 წელი; უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში, თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება – არაუმეტეს 15 წელი; უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში – არაუმეტეს 10; სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში – არაუმეტეს 6; სხვა დანარჩენი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში კი – არაუმეტეს 4 წელი იქნება.
ცნობისთვის, "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში ცვლილებები სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის 2020 წლის 15 აპრილიდან შედის ძალაში.