რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, რაგბის კავშირში დღეს არსებულ უსამართლობას ის და მისი მხარდამჭერები სამართლიანობით დაუპირისპირდებიან.
რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტნის განცხადებით, რაგბის კავშირში სხვადასხვა მიმართულებით ბევრი პრობლემა არსებობს და სწორედ ამ პრობლემების მოგვარების სურვილმა გადააწყვეტინა მას მონაწილეობა მიიღოს 30 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში. აბუსერიძის თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და მისმა გუნდმა ვერ დადეს ის შედეგები, რაც საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ დაანონსებული და 20-წლამდე ნაკრებისა და მსაჯების კვალიფიკაციის გარდა, ყველა სხვა დანარჩენ კომპონენტში ქართული რაგბი რეგრესის გზას ადგას. ეს ეხება მათ შორის, რაგბის ეროვნულ ნაკრებსაც. აბუსერიძე ასევე საუბრობს, რომ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ გლდანსა და "მზიურში" მდებარე, კავშირის საკუთრებაში არსებული მიწები გაყიდა.