საქართველოში ექიმებისა და ექთნების თანაფარდობა ისევ არ იცვლება. კერძოდ, ექიმების რაოდენობა ექთნებისას 1,6-ჯერ აღემატება. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ერთ ექიმზე საშუალოდ, 4 ექთანი მოდის.
მართალია, საქსტატის მონაცემებით, ბოლო წლებში ექთნების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, ამის პარალელურად მზარდი იყო ექიმების რაოდენობაც, შესაბამისად, არსებული თანაფარდობა არ შეცვლილა.
კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყანაში ექიმების რაოდენობა 7 ათას 700-ით, დაახლოებით, 24%-ით გაიზარდა და 2019 წელს 32 ათასი შეადგინა. ეს მაშინ, როცა ამავე საანგარიშო პერიოდში ექთნების ზრდის მაჩვენებელმა მხოლოდ, 13,7% შეადგინა.