ითვლება, რომ ტკბილეული მავნებელია და ბავშვებს მისი მიღება უნდა დავუშალოთ. იშვიათად მოიძებნება ბავშვი, რომელიც თავისი ნებით იტყვის უარს ტკბილეულზე და ხილს ან ბოსტნეულს აირჩევს.ტკბილს ბავშვი დაბადებიდან პირველ დღეებშივე ეჩვევა: დედის რძეს მასში შემავალი ლაქტოზას გამო ტკბილი გემო აქვს. ტკბილ რძეს მიჩვეული ბავშვი როცა იზრდება და ჩვეულებრივ კვებაზე გადადის, მშობლები აქ უშვებენ შეცდომას - მარილით აზავებენ პიურეს, ბოსტნეულის წვნიანს და სხვადასხვა ფაფას. ამის გამო ბავშვს ტკბილზე მოთხოვნილება უფრო ეზრდება.
ბავშვის შაქრით გატაცება მხოლოდ არასწორ კვებას არ უკავშირდება. მოზარდი ორგანიზმი ზღვა ენერგიას მოითხოვს, რომელიც მხოლოდ გლუკოზამ შეიძლება მისცეს. ამ ნივთიერების წყარო კი შაქრის შემცველი პროდუქტებია. შაქარი ტვინში ე.წ. ბედნიერების ჰორმონის - ენდორფინის და სეროტონინის გამომუშავებასაც უწყობს ხელს.
არ შეიძლება ტკბილეულის წამახალისებლად, დასამშვიდებლად ან ცუდი ხასიათის გამოსაკეთებლად მიცემა. ამით ჩამოუყალიბდება ტკბილეულზე დამოკიდებული ჩვევები, რომლებიც ჭარბი წონის და კარიესის წინაპირობაა.
2 წლამდე ბავშვს ჯობია ტკბილეული და შაქრის შემცველი პროდუქტები საერთოდ არ მისცეთ. პედიატრების რჩევით, თავიდან ბავშვს ჩირები, ცუკატები, ზეფირი ან მარმელადი გაასინჯეთ. 3 წლის ბავშვის დღიური შაქრის ნორმა 10 გრამს არ უნდა აჭარბებდეს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკოენდაცია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც - ახალი ნორმის მიხედვით, დღეში დაახლოებით 25 გრამი შაქრის მიღება შეიძლება. თუ გინდათ, თქვენი შვილი ზედმეტად არ გაიტაცოს ტკბილეულმა, დაიწყეთ საკუთარი თავით: თუ ოჯახში ჩაის ან ყავის სმა ტკბილეულის გარეშე ვერ ჩაივლის, თუ თქვენ ან თქვენი მეუღლე მუდმივად კანფეტებითა და შოკოლადებით იტკბარუნებთ პირს, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბავშვიც იგივე ჩვევებს შეიძენს.