„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
დოკუმენტის თანახმად, პროექტის ფარგლებში მოექცა მათ შორის რამდენიმე მოქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელთანაც მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. კერძოდ, საუბარია, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში - 34 პირის საკუთრება/თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, სააგენტომ უზრუნველყო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან შეტყობინებების გაგზავნა და საკომპენსაციო თანხების შეთავაზება. თუმცა, ზემოთ აღნიშნულ პირებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, სააგენტოს იმ მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.