2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი - 52.8 პროცენტი, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში. ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა, 2018 წლის მე-3 კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია. ოფიციალური მონაცემებით, განხორციელებული ვიზიტების 69.4 პროცენტი განმეორებითი ხასიათის ვიზიტს წარმოადგენდა.
„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3 მილიარდ 300 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 4.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით 2 ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა და ათას 181 ლარი და 70 თეთრი შეადგინა.
კატეგორიების მიხედვით კი, საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯები ასე ნაწილდება:
საკვები და სასმელი - 367 ლარი და 70 თეთრი;
განთავსება - 290 ლარი და 30 თეთრი;
საყიდლები - 244 ლარი და 50 თეთრი;
გართობა - 168 ლარი და 50 თეთრი;
ადგილობრივი ტრანსპორტი - 91 ლარი და 40 თეთრი;
სხვა ხარჯი - 19 ლარი და 20 თეთრი.