თანამედროვე ოჯახებში წვნიანის კეთების დრო ზოგჯერ დიასახლისს არ აქვს, ან ოჯახის წევრებს არ უყვართ და ამიტომ ბავშვებსაც და უფროსებსაც მშრალი საკვებით უწევთ სადილობა. გაცილებით ადვილია მაკარონის ან ბურღულეულის მოხარშვა, რომელსაც სოსისი ან ძეხვი ემატება. ოჯახის წევრებიც ასეთ სადილს გემრიელად მიირთმევენ. დიეტოლოგები კი გვირჩევენ, გამოვნახოთ დრო წვნიანის მოსამზადებლად,
კვების სპეციალისტები ამბობენ, რომ წვნიანი იდეალურად ებრძვის ზედმეტ წონას. მასში ნაკლები კალორიაა, მაგრამ ფაფაზე ან ვერმიშელზე უკეთ განაყრებთ. მეცნიერები ყველაზე სასარგებლო წვნიანად იმას ასახელებენ, რომელშიც ბევრი ბოსტნეულია და დამატებული აქვს ქათმის ან საქონლის ხორცი. ასეთი წვნიანი გემოვნურ თვისებებსაც დაგიკმაყოფილებთ და ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით- ცილებითა და უჯრედისით შეგივსებთ. რაც უფრო მეტი ბოსტნეულია წვნიანში, მით უფრო სასარგებლოა- ამბობენ სპეციალისტები.
ზოგიერთი ბოსტნეული შეიცავს ბოჭკოს, რომელიც არამარტო შიმშილს მოგიკლავთ, არამედ დიდი ხნით დაგანაყრებთ. გარდა ამისა, ასეთ ბოსტნეულს ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინი გამოაქვს. რაც დადებითად აისახება წონაზე. ბოჭკოვანის იდეალური წყაროა: კომბოსტო, პარკოსნები და სტაფილო.
არსებობს მოსაზრება, რომ ხარშვის დროს ბოსტნეული სასარგებლო თვისებებს კარგავს. მთლად ასეც არაა, რაც უფრო მეტია წვნიანში ბოსტნეული, მით მეტ ვიტამინს ინარჩუნებს. ხარშვის დროს სუპიდან ბოსტნეული რომ არ "აორთქლდეს", არ ხარშოთ 20 წუთზე მეტხანს. ის ბოსტნეული, რომელიც სწრაფად იხარშება, კერძის მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე ჩაყარეთ. ასეთებია: ტკბილი წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ყაბაყი, გოგრა, მჟაუნა და ისპანახი.