ბავშვი სიჯიუტის თანდაყოლილი ინსტინქტით იბადება. თუ ჭამას დააძალებენ, ბუნებრივია, პროტესტის განცდა გაუჩნდება და საკვები, რომელიც მასში უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს, შესაძლოა სამუდამოდ შეიძულოს. არსებობს კიდევ ერთი სირთულე: მუდამ ერთი და იგივე საკვები პატარას ადრე თუ გვიან ბეზრდება და მის დანახვაზე უსიამოვნოდ აჟრჟოლებს. ზოგჯერ პაწიას თანდათანობით კი არა, ერთბაშად აძლევენ ახალ საკვებს. მაგალითად, უფრო მაგარს. ის კი თხიერს არის მიჩვეული, მაგარი ლუკმის ღეჭვა უჭირს და ჭამაზე საერთოდ უარს ამბობს.
უმადობა კბილების ამოჭრის დროსაც იჩენს თავს, ხვეწნა-მუდარა და დაძალება კი ამ დროს საქმეს სულმთლად აფუჭებს. ავადმყოფობა ხომ მადის ნამდვილი მტერია! უმადობა შესაძლოა გამოჯანმრთელების შემდეგაც გაჰყვეს პატარას. თუ შეეცდებით, მადის გაღვიძების პროცესი დააჩქაროთ და ახალნაავადმყოფარ ბავშვს საკვებს დააძალებთ, საპირისპირო შედეგს მიიღებთ.თუ უმადობა შინაგან, ორგანულ პრობლემებთან არ არის დაკავშირებული, ის არც ისე საშიშია. პატარების ორგანიზმი აღჭურვილია საოცარი მექანიზმით, რომელიც განსაზღვრავს, როგორი და რამდენი საკვები სჭირდება ბავშვს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. მაინც არ იქნება ურიგო, წუნიას ექიმი ადევნებდეს თვალყურს. იგი გაარკვევს, რა ნივთიერებები აკლია თქვენ პატარას და გეტყვით, რით შეცვალოთ ის პროდუქტები, რომლებსაც ბავშვი არ ჭამს. თქვენ კი რამდენიმე რჩევის გათვალისწინება მოგიხდებათ:საკვები არავითარ უსიამოვნო ასოციაციას არ უნდა იწვევდეს. ბავშვს ისეთი პირობები უნდა შეუქმნათ, რომ თვითონვე მოუნდეს ჭამა.. გაზარდეთ კვებათა შორის ინტერვალი, რომ პატარას უფრო მეტად მოშივდეს. . ნუ დააძალებთ იმაზე მეტს, ვიდრე თვითონ ჭამს. ნუ შეეცდებით, მაინცდამაინც 200 მლ აჭამოთ. მან უკეთ იცის, რამდენი სჭირდება.. ბავშვის უმადობას ტრაგედიად ნუ აქცევთ. პირიქით, ჭამის დროს პატარა ზეიმი მოუწყვეთ - კერძი მოურთეთ და გაულამაზეთ. კვების პროცესი სასიამოვნო უნდა იყოს.. 2-3 თვე ნუ მისცემთ იმ საკვებს, რომელზეც უარს ამბობს, შემდეგ კი თითო-თითო კოვზი შესთავაზეთ. საკვები პატარ-პატარა ულუფებით მიეცით, ნუ დაუდებთ თეფშზე წიგნში ამოკითხულ "ნორმას". საკვების მოთხოვნილება ინდივიდუალურია, ისევე, როგორც ძილის ხანგრძლივობა.