2021 წლის იანვარ-დეკემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 18,86 ათასი ტონა შეადგინა, რაც 220 ტონით ანუ 1,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 3,24 ათასი ტონა, განხორციელდა ირანიდან, რაც მთელი იმპორტის 17,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი, რუსეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასებით, საწვავის იმპორტისა და მოხმარების ზრდის ფონზე, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის შემცირება დაკავშირებულია ქვეყანაში ინფლაციის ზრდასთან, რაც ავტომფლობელებს აიძულებს ზეთის დროული გამოცვლა გარკვეული პერიოდით გადაავადონ, ეს კი იწვევს სწორედაც ზეთის მოხმარების შემცირებას.
მათივე ცნობით, საყურადღებოა ისიც, რომ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს დაბალფასიან პროდუქციას და სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია, რომ მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ სამეულში არიან ირანი, თურქეთი და რუსეთი.