საიმპერატორო ტამარინი მეცნიერებმა მხოლოდ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გაიცნეს, როცა თეთრი წვერ-ულვაშით დამშვენებული მინიატურული პრიმატი პრუსიისა და გერმანიის იმპერატორს ვილჰელმ მეორეს მიამსგავსეს. მართალია, ახლადაღმოჩენილი ცხოველის და მონარქის მსგავსება მხოლოდ მოხდენილი ულვაშით ამოიწურა, სამაგიეროდ მაიმუნმა საიმპერატორო ტიტული მიიღო და იმ შინაურ ცხოველთა კლუბს შეუერთდა, რომლებიც რბილი ხასიათისა და კოლორიტული გარეგნობის წყალობით ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ ფაუნის მოყვარულთა შორის, მით უფრო, რომ მცირე გაბარიტების ტამარინი ნაკლებად პრეტენზიული "მდგმურია", სწრაფად პოულობს საერთო ენას ადამიანთან და ძალიან უყვარს, როცა ეფერებიან და გემრიელი საკვებით უმასპინძლდებიან.
პრიმატთა რიგის და ბრჭყალებიანი მაიმუნის ოჯახის წარმომადგენელი საიმპერატორო ტამარინის სამშობლოდ ამაზონიის ტყეები ითვლება ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთში, აღმოსავლეთ პერუსა და ჩრდილოეთ ბოლივიაში.