სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ ჭრილშიც.
კერძოდ, ბოლო ერთ წელიწადში უკიდურესად გაჭირვეული მოსახლეობის რიცხვმა დაახლოებით, 18%-ით მოიმატა. სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 ათას 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 ათას 764 ადამიანს, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება 2021 წლის თებერვალს 535 ათას 516 ადამიანი იღებდა დახმარებას, ხოლო იანვარში - 532 ათას 242.
რეგიონების მიხედვით, 2021 წლის მარტის მონაცემებით, საარსეო შემწეობას ყველაზე ბევრი 115 ათას 355 ადამიანი თბილისში იღებდა, მას მოსდევს იმერეთი, სადაც დახმარებას - 69 ათას 939 ადამიანი იღებდა; მე-3 ადგილზეა სამეგრელო ზემო-სვანეთი - 67 ათას 149 ადამიანით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ქვემო ქართლი და კახეთი იკავებენ, სადაც საარსებო შემწეობას, შესაბამისად, 64 ათას 383 და 55 ათას 794 ადამიანი იღებდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 922 ათას 247-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში მილიონ 33 ათას 51 ადამიანია რეგისტრირებული.