დიღმის-ტყე პარკთან დაკავშირებული დავა კიდევ ერთხელ გააქტიურდა. უკვე მრავალი წელია თბილისელებს დროგამოშვებით უწევთ საპროტესტო აქციების გამართვა ამ ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად დარჩენის მოთხოვნით.ამჯერად, უკმაყოფილების ტალღა თბილისის მერიის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, დიღმის ტყე-პარკში 13 000 კვ/მ ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გაიცა კომპანია „ანაგზე“.საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ახალი შენობა, რომელიც საავტომობილო ცენტრ „კიას“ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, ტყე-პარკს რესტორნად და სავაჭრო ცენტრად გადააქცევს. მათი თქმით, პროექტის მიხედვით, საფრთხე შეექმნება სახალხო სივრცესა და არსებულ ეკოსისტემას.
მერიაში კი მიიჩნევენ, რომ „ანაგის“ მიერ შემოთავაზებული წინადადება საუკეთესო ალტერნატივაა, რადგან „კიას“ შენობა, სრულიად შეუსაბამო იყო საპარკო ინფრასტრუქტურისთვის. დიღმის ტყე-პარკში კი დაგეგმილია კომპლექსის - „ორანჟერეას“ მშენებლობა, რომელიც საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება.