თითქმის 20-თვიანი პაუზის შემდეგ ჩინეთმა ამერიკისგან თხევადი აირის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა 10-მდე ჩინური კომპანიის მოთხოვნა, რომ გაეუქმებინათ 25%-იანი გადასახადი ამერიკული გაზის იმპორტზე. ამ კომპანიებს შორისაა China Gas Holdings-ი და Oriental Energy.
უფრო ადრე, ანალიტიკური სააგენტო Rystad Energy–მა განაცხადა, რომ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ის არ ელოდება თხევადი გაზის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას შეერთებული შტატებიდან. აღნიშნული ხელშეკრულება 2020-2021 წლებში შეერთებულ შტატებში ენერგეტიკული პროდუქტების შესყიდვების 50 მილიარდ დოლარზე მეტით გაზრდას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ფაზის ხელმოწერის ცერემონია 15 იანვარს ვაშინგტონში მოხდა. დოკუმენტზე, რომელიც სავაჭრო საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს, ხელი შტატების პრეზიდენტმა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა მოაწერეს.