საუდის არაბეთი აწარმოებს რუსული Urals-ის მარკის ნავთობის მსხვილ ევროპულ შემსყიდველებთან მოლაპარაკებებს და მათ საკუთარ ნავთობს უფრო იაფად სთავაზობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
შედეგად კი წყაროს ცნობით, Saudi Aramco გეგმავს ევროპის ბაზარს დღე-ღამეში მილიონ 500 ათასი ბარელი ნავთობი მიაწოდოს. მისი მტკიცებით, ბოლო კვირის განმავლობაში საუდის არაბეთმა უკვე აწარმოა მოლაპარაკებები ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა - Total, SOCAR, Neste Oil, Preem, Phillips 66 და Litasco.
გარდა ამისა, როგორც სააგენტო წერს, საუდის არაბეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან, რათა მას 12 მილიონი ბარელი ნავთობი მიაწოდოს. ამ მიზნით საუდის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ უკვე გაავსო 19 სუპერტანკერი. ასევე განიხილება ნავთობის მიწოდება აზიაში. არაბული ნავთობით დაინტერესებულია ბელარუსიც, რომელსაც ნავთობის იაფად შეძენა სურს.