მართალია, რქაცხვირასებრთა ოჯახი, რომელიც 60-მდე სახეობას აერთიანებს, დიდხანს მიეკუთნებოდა ყაპყაპისნაირნთა გვარს, მაგრამ თანამედროვე ორნიტოლოგებმა მსგავსი კუთვნილება დაიწუნეს და ცალკეულ ჯგუფად გამოყოფილი ფრინველები დამოუკიდებელ გვარად აქციეს.
რქაცხვირასებრთა ოჯახის წარმომადგენლები მეტწილად აფრიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულების ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ, თუმცა 10-მდე სახეობა მხოლოდ აფრიკის ენდემად ითვლება.
ფრინველებს, რომელთა მასა 60 გრამიდან 6 კილოგრამამდე, სიგრძე კი, 30-დან 120 სანტიმეტრამდე მერყეობს მასიური ნისკარტი, გრძელი ფრთები და კუდი, თუმცა მოკლე ფეხები აქვთ ნახევარ ფალანგაზე შეზრდილი თითებით. აღსანიშნავია, რომ სქესობრივი დიმორფიზმით მხოლოდ სახეობათა ნაწილი ხასიათდება, რაც მამრის გაბარიტულობით და ბევრად ხასხასა შეფერილობით გამოიხატება.
უჩვეულო სახელი, რომელიც ძველბერძნული Bucerotidae-დან მომდინარეობს და სიტყვების „რქისა“ და „ხარის“ კომბინაციას წარმოადგენს, ფრინველებმა კაშკაშა ფერის უზარმაზარი ნისკარტის წყალობით მიიღეს, რომელიც განურჩევლად სახეობისა და გაბარიტებისა ბოლოში ყველას ერთნაირად მოკაუჭებული აქვს, საფუძველთან კი, სხვადასხვა ფორმის წანაზარდებით ხასიათდება.
მასიურობის მიუხედავად, ნისკარტი ძალიან მსუბუქია, რადგან ჰაერითაა გაბერილი. თუმცა, სხვა ფრინველისგან განსხვავებით, მხოლოდ რქაცხვირასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს აქვთ კისრის ორი მალა შეზრდილი, რაც მყარ საყრდენს ქმნის მასიური ნისკარტისთვის.
მეცნიერებმა დღემდე არ იციან რა ფუნქციას ასრულებს წანაზარდები ფრინველის ნისკარტზე. ნაწილის აზრით, მსგავსი წანაზარდები ხმას აძლიერებენ, ნაწილი კი, მათ მდედრების მოხიბვლის ერთგვარ ინსტრუმენტად მიიჩნევს.
სხვადასხვა ფერში აჭრელებული ნისკარტისგან განსხვავებით ბუმბული ფრინველს ერთ ფერში - შავად ან თეთრად, ყავისფრად ან ნაცრისფრად აქვს შეფერილი. მამრი ბუმბულს წვიმის სეზონზე იცვლის, მდედრი კი, ინკუბაციის პერიოდში ემშვიდობება ძველს და იმოსება ახლით.
განსხვავებული გარეგნული მახასიათებლების მიუხედავად ოჯახის წევრები პრაქტიკულად იდენტურ - მკვიდრი ცხოვრების წესს მისდევენ და არასდროს მიგრირებენ.
ფრინველები მეტწილად ხშირ ტყეებში, ბუნებრივ ფუღუროში იკეთებენ ბუდეს და ცხოვრების დიდ ნაწილსაც სწორედ ხეზე ატარებენ. მართალია, ფრინველებს საკმაოდ შორ მანძილზე შეუძლიათ ფრენა, მაგრამ იშვიათად იწუხებენ თავს მსგავსი დატვირთვით, მით უფრო, რომ, ფრენისას მეტად უჩვეულო - მოახლოებული მატარებლის ხმას გამოსცემენ, რაც პირველ რიგში საქნევ ბუმბულს შორის წვრილი ბუმბულის არ არსებობის, ჰაერის ნაკადის თავისუფლად მოძრაობის და ხმის ვიბრირების შედეგია.
რქაცხვირასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს არა მხოლოდ გაბარიტები, არამედ კვების რაციონიც განასხვავებს, რადგან სახეობების ნაწილი მტაცებელი, ნაწილი კი, ვეგეტარიანელია. მტაცებლები მეტწილად მწერებს, მცირე ხერხემლიანებს, ხვლიკებსა და მოლუსკებს მიირთმევენ, მაშინ როცა ვეგეტარიანები მხოლოდ მცენარეთა ნაყოფით, ფესვებითა და მარცვლებით ნაყრდებიან.
აღსანიშნავია, რომ ფრინველებს მოკლე და ნაკლებად განვითარებული ენა აქვთ, რომლითაც ძალიან უჭირთ მანიპულირება, ამიტომ საკვებს არა სხვებივით ნისკარტით კენკავენ, არამედ ჰაერში აგდებენ, იჭერენ და პირდაპირ ყლაპავენ.
გამრავლების სეზონზე რქაცხვირასებრთა ოჯახის წევრები ფლირტის მეტად უჩვეულო ფორმას მიმართავენ. მამრი მყუდრო ფუღუროს ძებნას იწყებს, რომელსაც სიამაყით წარუდგენს მდედრს, ის კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება პარტნიორობას თუ მომავალი ბუდისთვის შერჩეული ადგილი აკმაყოფილებს, მერე კი, თიხით, ბალახითა და ხის ტოტებით მთელი კვირის შიგნიდან აშენებს ბუდეს და კვერცხის დადებისთვის ემზადება.
მსხვილი სახეობებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ 1-2 კვერცხს დებენ, ნაკლებად გაბარიტულ ფრინველებს 10-მდე მემკვიდრის შეძენის იმედი აქვთ. ინკუბაცია 25-45 დღე გრძელდება, როცა მამრი ამოქოლილ ფუღუროში დარჩენილი ღრიჭოდან ჯერ მდედრს კვებას, მერე ახლად შეძენილ ბარტყებს უკვე გადამუშავებული საკვებით.
მართალია, ამგვარი ორიგინალური მეთოდით მდედრი საკუთარ თავთან ერთად ბარტყებსაც იცავს მტაცებლისგან, მაგრამ ბუდეში, რომელიც მთელი თვის მანძილზე არ ნიავდება და საშინელი ანტიჰიგიენა სუფევს, პარაზიტებიც მრავლად ჩნდებიან, რაც ხშირად ახალშობილების დაღუპვის მიზეზი ხდება. სხვათა შორის, ინკუბაციის პერიოდში მდედრი არა მხოლოდ ბუმბულს იცვლის, არამედ ფრენის უნარსაც კარგავს.
წამოზრდილი ბარტყების მოღონიერების შემდეგ, როცა მეტად მოუხერხებელი ხდება ფუღურო, მდედრი თავისივე ამოქოლილ კედელს ანგრევს და პრაქტიკულად 2-თვიანი იზოლაციის შემდეგ პირველად გამოდის დღის სინათლეზე, ბარტყებს კი, რომელთაც კატეგორიულად უკრძალავს გამოფრენას, რამდენიმე კვირა კვებავს მამრთან ერთად.