საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი აკვაკულტურის შესახებ. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტით აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს 20 წლის ვადით მიენიჭება.
პროექტის ავტორების აზრით, კანონპროექტის ძალაში შესვლა 2021 წლის 1-ლი იანვრიდან არის მიზანშეწონილი. მანამდე კი კანონის ძალაში შესვლისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაა გათვალისწინებული.
ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული საქმიანობისთვის, 2024 წლიდან სანებართვო მოსაკრებლის დადგენა იგეგმება, რომელიც 200 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს „საქსტატის“ მიერ განხორციელებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს აკვაკულტურის წლიური საერთო პროდუქცია 2 ათას 381 ტონას შეადგენს, რაც არსებულ პოტენციურ შესაძლებლობებთან - დაახლოებით, 30 000 ტონასთან შედარებით, ძალიან მცირეა.