2019 წლის პირველ 6 თვეშისაქართველოში 2729 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სულ 3708 ადამიანი დაზარალდა, 224 -ი კი დაიღუპა. სადაზღვევო ასოციაციაციაში ამბობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევევების შესამცირებლად აუცილებელია დროულად ამოქმედდეს „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა“. მათივე თქმით, კანონი ძალაში 2019 წლის ივლისიდან უნდა შესულიყო, თუმცა ამ დრომდე მისი ბედი კვლავ გაურკვეველია. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ამბობენ, რომ კანონპროეტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე მოხდა, თუმცა მისი ამოქმედება ორი ძირითადი მიზეზი გამო გადაიდო.კერძოდ, სადაზღვევო სექტორის ნაწილი თვლიდა, რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის არ იყო ჯანსაღი კონკურენცია და ამ საკითხის გადაწყვეტა ბანკებსა და სადაზღვევო სექტორს შორის დამატებით კონსულტაციებს საჭიროებდა, რაც მიმდინარე წლის ივლისში ვერ მოხერხდა. მეორე შემაფერხებელი ფაქტორი კი კანონში განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილების მფლობელებისთვის დაზღვევის, წლიური 150-ლარიანი საფასურის გადახდა იყო, რაც კანონპროეტის განხილვისას დამსწრეთა ნაწილის აზრით მძღოლებს ამ თანხის გადახდა გაუჭირდებოდათ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ამბობენ, რომ „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ საკითხს საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდებიან.