ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პიროვნების ჩამოყალიბება ჩვილი ასაკიდან იწყება, ამიტომ მის განვითარებაზე მშობლებმა პირველივე დღეებიდან უნდა იზრუნონ. ბავშვი სწორად რომ აღვზარდოთ, ასაკის შესატყვისად უნდა ვასწავლოთ.
ახალშობილს შესწევს უნარი, ირგვლივ არსებულ საგნებს ხელი ჩასჭიდოს. ამ დროს ტვინი იღებს ინფორმაციას სამყაროს შესახებ. ამიტომ აუცილებელია, ბავშვს ხელები თავისუფალი ჰქონდეს. სასურველია, მე-4 კვირიდან მივაწოდოთ, საწოლთან ჩამოვუკიდოთ ფერადი სათამაშოები, რათა შეეჩვიოს ფერისა და ფორმის აღქმას. ყველაზე მეტად ბავშვის ყურადღებას ყვითელი ფერი იპყრობს. 3 კვირის ახალშობილი სასურველია დღეში რამდენჯერმე დავაწვინოთ მუცელზე, თავდაპირველად, სწორედ ამ მდგომარეობაში იმაგრებს პატარა კუნთებს, კისერს, მუცელს, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მის გონებრივ განვითარებასაც. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ: ბავშვს ხშირად უნდა ესმოდეს დედის ხმა. სასურველია, დედა გამუდმებით ელაპარაკოს, როცა აჭმევს, აბანავებს, ან აძინებს... მართალია, ბავშვს დედის სიტყვების შინაარსი არ ესმის, მაგრამ ძალიან კარგად არჩევს მის ინტონაციას, გრძნობს ემოციას. 4 კვირის ახალშობილს უკვე შეუძლია საპასუხო ღიმილი. დაახლოებით ოთხი თვის ასაკში პატარა სიხარულსა და სხვა დადებით ემოციებს უკვე აშკარად გამოხატავს, იღიმება, ხელ-ფეხს იქნევს, სიამოვნების გამომხატველ ბგერებსაც კი გამოსცემს. 3 თვის ბავშვი ხელის მტევანს ბოლომდე უნდა შლიდეს. ამ დეტალს ყურადღება მიაქციეთ, რადგან ეს გონებრივი განვითარების აუცილებელი ეტაპია. მას შემდეგ, რაც ყველა თითს ბოლომდე გაშლის, პატარა უკეთ იჭერს ხელში სათამაშოებს. თითების მოტორიკის განვითარება ხელს უწყობს ტვინის მნიშვნელოვანი ზონების სტიმულირებას, პირველ რიგში - მეტყველების ზონისას. შემთხვევითი არ არის, რომ ბავშვი, რომელიც ადრე იჭერს კოვზს და იწყებს ჭამას, უფრო ადრეც იდგამს ენას. ამ ასაკის ბავშვს უკვე ისეთი ფორმისა და ზომის სათამაშოები უნდა შევურჩიოთ, რომლებსაც ადვილად მოჰკიდებს ხელს. სასურველია სათამაშოები სხვადასხვა ფერისა და ფორმის იყოს. ამ პერიოდში ბავშვი იწყებს საკუთარი სხეულის ნაწილების შეცნობას.
6 თვის ბავშვს ძალიან მოსწონს ბურთი, გამორჩეული ყურადღებით აკვირდება მას და ეპოტინება. თუ ბავშვი არავითარი სათამაშოსა თუ ნივთის მიმართ არ ამჟღავნებს ინტერესს და არავითარ რეაქციას არ გამოხატავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.გახსოვდეთ,რომ ბავშვის გონებრივი განვითარება თავისთავად არ ხდება, ამაში მას მშობლები უნდა დაეხმარონ. ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვის მოვლა და კვება ცოტაა. აუცილებელია მის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვაც.