არსენალის" მწვრთნელ მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა. კლუბის პერსონალი, რომელსაც არტეტასთან კონტაქტი ჰქონდა, იზოლირებულია. "ტაიმსის" ცნობით, პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ტურნირის მაყურებლების გარეშე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ კი, რაც "მეთოფეთა" მენეჯერს კორონავირუსი აღმოაჩნდა, საგანგებო კრებას ჩაატარებს. ამ კრებაზე ტურნირის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელებენ.
ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური საიტი კლუბის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოიმ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. დიდი ბრიტანეთის მთავრობის დირექტივების მიხედვით, ყველა ფეხბურთელი თუ თანამშრომელი, ვისაც კი კალუმთან ბოლო 24 საათში შეხება ჰქონია, კარანტინში გადავა. ისინი კი, ვისაც არ ჰქონია უშუალო კონტაქტი კალუმთან, ვარჯიშს უნდა დაუბრუნდნენ.
„იუტა ჯაზის“ კალათბურთელ დონოვან მიტჩელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ის „იუტას“ და NBA-ს მეორე კალათბურთელია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუდი გობერს დაუდასტურდა.
"მაკლარენმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ერთ-ერთ წევრს Covid-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. გუნდი ავსტრალიის გრან-პრიდან მოიხსნა, რომელიც ამ უიქენდზე უნდა გამართულიყო. "მაკლარენის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზაკ ბრაუნმა და F-1-ის გუნდის ხელმძღვანელმა ანდრეას ზაიდლმა ფორმულა 1-ისა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია საქმის კურსში უკვე ჩააყენეს.