მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება გასული კვირის განმავლობაში 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, რომელსაც ინფორმაციის დასტურად მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე არსებული ვითარება მოჰყავს, სადაც ახალი კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე ინდექსები დაეცა. გაზეთ The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირა ამერიკის საფონდო ბირჟებისთვის 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე წარუმატებელი იყო.
მილიარდერების რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხვდება. მისი ქონება ბოლო 1 კვირის განმავლობაში 180 მილიონი დოლარით შემცირდა. კერძოდ, 23 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 5 მილიარდ 550 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, 1-ლი მარტის მდგომარეობით კი - 5 მილიარდ 370 მილიონი დოლარია. რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 354-ე ადგილზეა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.