2020 წელს საქართველოში ბინების გაყიდვები დაახლოებით 30%-ით შემცირდება. ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში „COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“. ამავე კვლევის მიხედვით, ფასები დაახლოებით 10%-ით დაიკლებს.
კვლევის მიხედვით, 2020 წლის აპრილში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 90%-ით შემცირდა. უკვე 2021 წელს კი მოთხოვნის ნაწილობრივ დაბრუნებაა მოსალოდნელი, რა დროსაც 2019 წელთან შედარებით ტრანზაქციები უკვე დაახლოებით 10%-ით იქნება, ფასები კი 5%-ით შემცირებული.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს დედაქალაქში მთლიანად 33 ათას 404 ბინა გაიყიდა, აქედან 20 ათას 276 - ახალი, 13 ათას 128 - ძველი ბინა იყო. კვლევის ავტორების პროგნოზით, 2020 წელს დედაქალაქში გაყიდული ბინების მთლიანი რაოდენობა 23 ათას 500-მდე შემცირდება, 2021 წელს - 30 ათასამდე, ხოლო 2022 წელს გაყიდული უძრავი ქონების მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს და 35 ათას მიაღწევს.