რუჯის შესანარჩუნებლად აუცილებელია სწორად მოვუაროთ კანს. დავიწყოთ კანის გასუფთავებით. ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას - ცხელი წყალი არღვევს კანის დამცავ შრეს, რამაც შესაძლოა აქერცვლა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა 5-10-წუთიანი თბილი ან გრილი შხაპი.
კარგია თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობაც - კონტრასტული პროცედურები ძალიან სასარგებლოა არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. რუჯის მიღების შემდეგ განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ კანის გამოშრობას, ამიტომ გამოიყენეთ ზეთოვან საფუძველზე დამზადებული საშხაპე გელი.
კანის მოვლის მომდევნო ეტაპია კვება და დატენიანება. ამისთვის შესანიშნავია საბავშვო ზეთი ან გარუჯვის შემდეგ წასასმელი სპეციალური კრემ-ბალზამი. ის ამშვიდებს კანს, თავიდან გვაცილებს აქერცვლას და დიდხანს გვინარჩუნებს რუჯს. დილა-საღამოს წაისვით დამატენიანებელი კრემი. უმჯობესია, ისეთი, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, ჰიალურონის მჟავას და თერმულ წყალს. გარუჯული კანისთვის ძალიან სასარგებლოა ავოკადოს ზეთი და გლიცერინი.