მუწუკების სახით გამონაყარის პრობლემა განსაკუთრებით 11-17 წლამდე ბავშვებში გვხვდება. ადრე ითვლებოდა, რომ თმის გაცხიმიანება და სახეზე გამონაყარი ხდებოდა მამაკაცური ჰორმონის - ტესტოსტერონის დონის მომატების შედეგად. მაგრამ უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მიზეზი ჰორმონის რაოდენობა კი არა, მისი აქტიურობაა. ეს პროცესები ხშირად თან სდევს გარდატეხის პროცესს, თუმცა თუ ყურადღება არ მიექცა, შეიძლება, გახანგრძლივდეს და გართულდეს.თუ მოზარდს საშუალო ინტენსივობის გამონაყარი აქვს, სასურველია, დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს მიმართოთ, რომელიც დაადგენს, რამდენად სერიოზულია პრობლემა და საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა. ასევე მნიშვნელოვანია კანის სწორი მოვლა. მოზარდებს, როგორც წესი, ცხიმიანი და ფორებიანი კანი აქვთ. ეს ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ ქალაქის წყალი ძლიერ დაქლორილია, რაც დაბანის შემდეგ კანს არაჯანსაღ იერს აძლევს. საღამოს წყლით დაბანა არ არის რეკომენდებული. კანიდან მტვრისა და ჭუჭყის მოცილება სპეციალური ლოსიონებით ჯობს. ამგვარი საშუალებები აუცილებლად უნდა აირჩეს მოზარდის კანის ტიპის მიხედვით. დილით სასარგებლოა დაბანა ოდნავ მჟავე წყლით, რადგან მიკრობები მჟავე არეში უფრო იღუპებიან.
ცხიმიანი, ფორებიანი კანი აუცილებლად ითხოვს გაწმენდას. ამისთვის შეგიძლიათ კოსმეტიკურ სალონებს მიმართოთ. არაფრით არ შეიძლება ხელით წვალება და გამონაყარის კიდევ მეტად გაღიზიანება. ასევე სასურველია, კვების რეჟიმით და ცხოვრების წესითაც ხელის შეწყობა. გამონაყარს „არ უხდება“ მჟავე და ცხარე, მეტისმეტად მარილიანი საკვები.