დუბაიში არსებულმა არქიტექტურულმა კომპანიებმა დუბაის დიზაინის კვირეული გამართეს, სადაც არქიტექტორებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.
CNN-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემია სხვა არაერთი სფეროს მსგავსად არქიტექტურის სამომავლო განვითარებასაც შეცვლის და დუბაის დიზაინის კვირეულზე წარმოდგენილი ნიმუშების მსგავსად არქიტექტორები მომავალში ისეთი შენობების დაპროექტებას შეეცდებიან, სადაც დისცანციის დაცვა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება უფრო მეტად იქნება შესაძლებელი.
ღონისძიებაზე სულ 25 არქიტექტორის ნაშრომი იყო ნაჩვენები. მათ შორის, ბეირუთში არსებულმა არქიტექტურულმა კომპანია Rabih Geha Architects-მა წარმოადგინა პროექტი, სადაც ნაჩვენებია თუ როგორი იქნება ღამის კლუბი მომავალში. მათი აზრით, კლუბის ცენტრში უნდა მოეწყოს დიჯეის სცენა, რომლის გარშემოც წრიულად შუშის კედლები გაკეთდება და სტუმრები ერთმანეთისგან იზოლაციაში იქნებიან.
ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, საგამოფენო დარბაზებში სენსორული იატაკი მოეწყობა, რომელიც ადამიანს მისგან 2 მეტრით დაშორებულ სივრცეს აჩვენებს.