ფუნდამენტური შეცდომაა დაშვებული ფორმულირებაში, თითქოსდა ოპოზიცია რაღაცაზე შეთანხმდა და თითქოსდა მერე ეს შეთანხმება ოპოზიციამ დაარღვია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განაცხადა.
გოცირიძემ კატეგორიულად უარყო, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო რომელიმე ოლქში საერთო კანდიდატების დაყენებაზე. მისივე განმარტებით, შეთანხმება მიღწეული იყო მხოლოდ საარჩევნო მოდელის ცვლილებაზე.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის მიერ ისნის ოლქში ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული მაჟორიტარობის საერთო კანდიდატის, გიორგი ვაშაძის მიმართ კრიტიკული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაშაძის პარტიამ მოითხოვა იმდენი, რამდენიც 10 პარტიას ერთად არ მოუთხოვია.