მართალია, ახალგაზრდა პრინცესას რომანტიკულმა ისტორიამ, რომელიც იტალიის დედაქალაქში მოგზაურობისას, სასახლიდან იპარება და სიმპათიურ ჟურნალისტთან ერთად აწყობს "რომაულ არდადეგებს", „ოსკარის“ სამი პრემია დაიმსახურა და წარმატებულ დებიუტად იქცა ახალბედა ოდრი ჰეპბერნისთვის, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უილიამ უაილერის ფილმი ნამდვილი შედევრი გახდებოდა და ათწლეულების მანძილზე შეინარჩუნებდა საკულტოს სტატუსს.
სცენარი დალტონ ტრამბოსა და იან მაკლელან ჰანტერის ავტორობით, სინამდვილეში ცნობილი რეჟისორისთვის ფრანკ კაპრასთვის შეიქმნა, რომელმაც "ოსკაროსანი" ფილმის "ეს მოხდა ერთხელ ღამით" წარმატების გამეორება ახალი რომანტიკული კომედიით გადაწყვიტა და ელიზაბეტ ტეილორს კერი გრანტთან ერთად შესთავაზა თანამშრომლობა, თუმცა უარი თქვა ფილმის დადგმაზე, როცა გაიგო, რომ სცენარზე ჰოლივუდში ათვალწუნებულმა სცენარისტმა დალტონ ტრამბომ იმუშავა.