საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში მნიშვნელოვანი ადგილი სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროდუქტებს უკავია. PMCG-ის (პიემსიჯი) კვლევის მიხედვით, 2008-2018 წლებში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ძირითად საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილი და კაკალი ლიდერობს, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 5% მოდის; შემდეგ პოზიციაზე კი ღვინოა - 4.5%-ით; მას მოსდევს სპირტიანი სასმელები - 3,7%-ით. ძირითადი საექსპორტო პროდუქტების ხუთეულში ხვდებიან ასევე: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხვარი, რომელთაც მთელი ექსპორტის 1.2% და 0.6% უკავიათ. როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, ცხრილში წარმოდგენილი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პროდუქტების ექსპორტი არასტაბილური ხასიათისაა, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, PMCG-ის მონაცემებით, წლების განმავლობაში მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე თხილის ექსპორტი აზიური ფაროსანასა და გავრცელებული დაავადებების გამო 2018 წელს დრამატულად შემცირდა. ამასთან, არასტაბილურია შინაური ცხოველების ექსპორტიც.