უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარიზში გამართული შეხვედრის დროს აღმოსავლეთ უკრაინაში 2019 წლის ბოლომდე "სრულ და ყოვლისმომცველ" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ბოლომდე მხარეებმა უნდა გაცვალონ "კონფლიქტთან დაკავშირებით დაკავებული პირები".
გარდა ამისა, ორ პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის მარტის ბოლომდე უკრაინის სამი რეგიონი სამხედრო ძალებისგან უნდა გაათავისუფლონ, თუმცა, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელიც სამი რეგიონი იგულისხმება.
ვლადიმერ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხი ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგ "განიბლოკა" და აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევაც მოხდება. თუმცა მხარეები ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯარების გაყვანასა და იქ არჩევნების ჩატარების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს პარიზში გუშინ შეხვდნენ.