ცნობილმა გერმანულმა როკჯგუფმა Scorpions-მა თავისი ჰიტის, Wind of Change-ის, ტექსტი შეცვალა, რადგან არ სურთ, სიმღერა "რუსეთის რომანტიზებას" ახდენდეს მაშინ, როცა უკრაინაში პუტინის წამოწყებული ომი მიმდინარეობს."Wind of Change-ის ისე შესრულება, როგორც წინათ ვმღეროდით მას, ვეღარ წარმომიდგენია", — ამბობს ჯგუფის წევრი კლაუს მაინე, — "უბრალოდ, არასწორია, რუსეთის რომანტიზება ტექსტით: 'მოსკვას მივყვები გორკის პარკისკენ. ამღერე შენს ბალალაიკას'".მაინეს თქმით, ამ მიზეზის გათვალისწინებით, ბენდმა გადაწყვიტა, აშშ-სა და ევროპაში მიმდინარე საკონცერტო ტურნესთვის სიმღერის ტექსტი შეეცვალა.რუსული ადგილების ნაცვლად განახლებულ ტექსტში უკრაინაა ნახსენები:"ახლა ვუსმენ ჩემს გულს,რომელიც უკრაინას იძახის,და ველოდები ცვლილების ქარს".იმის მიუხედავად, რომ სიმღერა 1990 წლის დეკემბერში — ბერლინის კედლის დანგრევიდან ერთ წელიწადში — გამოვიდა, მას მაინც ხშირად უკავშირებენ საბჭოეთში მიმდინარე სოციოეკონომიკურ ცვლილებებს, რასაც ცივი ომის დასრულება მოჰყვა.მაინეს თქმით, სიმღერა მან 1989 წლის სექტემბრის დასაწყისში დაწერა, როცა გერმანულმა ჯგუფმა მოსკოვის მუსიკისა და მშვიდობის ფესტივალზე იმღერა.Scorpions-მა Wind of Change ბერლინის კედლის დანგრევიდან 10 წლისთავზე, 1991 წელსაც, შეასრულა ბრანდენბურგის კარიბჭესთან. 2005 წელს კი, ტელემაყურებელთა ხმის მიცემის შედეგად, ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპოზიცია "მე-20 საუკუნის სიმღერად" დაასახელა.