სოფიას გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შესახებ ორმხრივ თანამშრომლობას დააზიანებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„მწუხარებას გამოვთქვამთ ოფიციალური სოფიას გადაწყვეტილების გამო ბულგარეთში რუსეთის სავაჭრო მისიის თანამშრომლების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, რომელიც თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს ეფუძნება,“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე თქმით, ოფიციალური მოსკოვი საპასუხო ქმედებების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორ რუს დიპლომატს პერსონა ნონ-გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს. ბულგარეთმა წელს უკვე მეორედ დასდო ბრალი ჯაშუშობაში რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ.