სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაგარშაკ ჰარუთიანიანმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან, სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების გადაჭრის გზები განიხილეს და ვაგარშაკ ჰარუთიანიანმა განაცხადა, რომ სომხური მხარე პატივს სცემს პარტნიორი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მოწოდებას, საკითხის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სომხური მხარის პოზიცია უცვლელია: აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დატოვონ.
„ოფიციალურმა პირებმა ასევე განიხილეს სომხეთის სიუნიკისა და გეგარკუნიკის პროვინციების სასაზღვრო რაიონებში რუსი მესაზღვრეების სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად განლაგების საკითხი“, - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.