რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე შესაძლოა, საბაჟო ტარიფი დააწესოს. რუსული მედიის ინფორმაციით, გადასახადი ერთ ტონაზე 25 ევროთი განისაზღვრება და ის კვოტირებულ ხორბალს შეეხება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე კვოტა წელსაც დააწესა, თუმცა მაშინ საბაჟო ტარიფი ნულოვანი იყო.
მედიის ინფორმაციით, კვოტების დაწესება იგეგმება ასევე სხვა ტიპის ბურღულეულზეც, მათ შორის ქერზე, შვრიასა და სიმინდზე, თუმცა, მათზე საბაჟო ტარიფი არ განიხილება. ეს მაშინ, თუ ექსპორტიორი დაწესებულ კვოტას არ გადააჭარბებს, სხვა შემთხვევაში ოთხივე პროდუქტზე მოხდება ბეგარის განსაზღვრა საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით, თუმცა არაუმცირეს 100 ევროთი ტონაზე.
რაც შეეხება თავად მარცვლეულის საექსპორტო კვოტას, მისი მოცულობა უცვლელი 15 მილიონ 500 ათასი ტონა დარჩება. მოქმედების ვადა კი 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე განისაზღვრება.