საქართველოში ზეთი კიდევ გაძვირდება. ამის მიზეზი არა მხოლოდ გაუფასურებული ლარი, არამედ ექსპორტიორ ქვეყნებში პროდუქციის ღირებულების გაზრდაა. რუსეთში კი, რომელიც საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორია, ზეთზე ფასმა ბოლო 2 კვირაში ტონაზე უკვე 25 დოლარით მოიმატა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მზესუმზირის ზეთზე ფასი იმატებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ძვირდება საექსპორტო პროდუქციაც. ამჯერად ერთი ტონა საექსპორტო მზესუმზირის ფასმა 985 დოლარს მიაღწია. ბაზრის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ფასი კიდევ მოიმატებს, რამდენადაც, ხორბლის ანალოგიურად, რუსულ მზესუმზირის ზეთზე მსოფლიო ბაზრებიდან მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
იმის გამო, რომ საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, ქვეყანაში ეს პროდუქტი უკვე გაძვირდა. ზეთის ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანიის „ბარაქას“ დირექტორის თქმით, ფასმა უკვე 30%-ით მოიმატა. მისივე თქმით, ფასზე გავლენას არა მხოლოდ მომწოდებელ ქვეყანაში პროდუქციის გაძვირება, არამედ ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურებაც ახდენს.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ოქტომბერში მზესუმზირის ზეთის ფასი 25.6%-ით გაიზარდა.