15 ივნისიდან საბერძნეთში ტურისტული სეზონი იწყება. ამ დღეს ქვეყანაში სეზონური სასტუმროები ამუშავდება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, პირდაპირი საერთაშორისო ფრენები პირველი ივლისიდან აღდგება. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ჩასულ სტუმრებს კორონავირუსზე გასინჯავენ. პრემიერის ინფორმაციით, ჯანმრთელობის ზოგადი პროტოკოლი ყველამ უნდა დაიცვას.
"ტურისტული სეზონი 15 ივნისს დაიწყება, ამ დღეს სეზონური სასტუმროები გაიხსნება. პირველი ივლისიდან კი თანდათანობით დაიწყება საერთაშორისო ფრენები ტურისტული ადგილების მიმართულებით. ვიზიტორებს ჩაუტარდებათ ტესტირება, ჯანდაცვისა და ჰიგიენის ნორმები იქნება დაცული", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
გარდა ამისა, საბერძნეთის ხელისუფლება, ეკონომიკის წახალისებისა და ტურიზმის სექტორის დახმარების მიზნით, გადასახადებს ამცირებს. საბერძნეთის ეკონომიკა ტურიზმს დიდწილად ეყრდნობა, გასულ წელს ქვეყანას 30 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
ცნობისთვის, ამ დრომდე საბერძნეთში კორონავირუსის 2 850 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 166 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.