2019 წლის მე-4 კვარტალში, უძრავი ქონების გაყიდვები მე-3 კვარტალთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2019 წლის მე-4 კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში გაქირავების საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 7 დოლარი და 20 ცენტიდან 7 დოლარამდე და 50 ცენტამდე მერყეობდა.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ღირებულების მიხედვით, მთაწმინდა დედაქალაქის ყველაზე ძვირი რაიონია; ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი გლდანშია. კერძოდ, გაქირავების საშუალო ფასი მთაწმინდაზე 8 დოლარი და 40 ცენტი ანუ 24 ლარი და 90 თეთრი; ხოლო გლდანში - 4 დოლარი და 50 ცენტი ანუ 13 ლარი და 20 თეთრი იყო.
რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე გაქირავების საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 6 დოლარი და 80 ცენტი; ნაძალადევში - 5 დოლარი და 70 ცენტი; დიდუბეში - 6 დოლარი; ვაკეში - 7 დოლარი და 60 ცენტი; ჩუღურეთში - 6 დოლარი და 90 ცენტი; ისანში - 7 დოლარი და 10 ცენტი; კრწანისში - 7 დოლარი და 40 ცენტი; ხოლო სამგორში - 5 დოლარი და 50 ცენტი იყო.