საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი (World Bank) მზად არიან ქვეყნებს კორონავირუსის გადალახვაში დაეხმარონ. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი განსაკუთრებულ აქცენტს ღარიბ ქვეყნებზე აკეთებენ, სადაც ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ განვითარებული არაა და კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად საკმარისი რესურსი არ არსებობს.
განცხადების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მზად არიან ქვეყნებს დაფინანსება საჭიროების შესაბამისად დროულად გამოუყონ, რათა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო არ მოიცვას. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში აფრიკის ქვეყნებია, სადაც სიღარიბისა და ჰიგიენური ნორმების სიმცირის გამო ადგილობრივი მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან ხშირად დაუცველია.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 76 ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსს 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.