2019 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული ათას 958 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5 მილიარდ 507 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან უდიდესი ნაწილი 76 პროცენტი მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 9,7 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 14,3 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო მილიარდ 889 მილიონ 600 ათასი ლარი ნაღდი ფულის სახით. 2019 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა ღირებულებამ 2 მილიარდ 17 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა.
2019 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 37 ათას 600 კაცს, რომელთაგან 60,6 პროცენტი ქალი იყო.