საფრანგეთი ამ ეტაპზე ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების წინააღმდეგია. კერძოდ, ოფიციალურმა პარიზმა ევროპული ბლოკის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი თქვა. ეს კი იმას ნიშნავს რომ უახლოეს მომავალში ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ არსებობს.
"ვწუხვარ რომ წევრ ქვეყნებს არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. ახლა ნამდვილად არ ვიმყოფებით ევროპის დიდების პერიოდში", - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა. მისივე თქმით, ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ კარგად შეასრულეს საშინაო დავალება და საკმაოდ მტკივნეული რეფორმები განახორციელეს, რათა ევროპულ ბლოკში გაწევრიანებულიყვნენ.
საფრანგეთის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ საჭიროა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ცვლილება. მათივე თქმით, ევროკავშირი ისედაც ბევრი გამოწვევის წინაშეა, მაგალითად, ბრექსითის, მიგრაციის, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების სახით, ამიტომაც კიდევ ორი ბალკანური ქვეყნის ბლოკში შეყვანის დრო არ არის.