საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ბრიტანელ კოლეგას, ბორის ჯონსონს განუცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება არ მიიღებს ლა-მანშის სრუტეში ერთობლივი ბრიტანულ-ფრანგული პატრულირების იდეას, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ჟან კასტექსმა ბორის ჯონსონს გაუგზავნა.
„საფრანგეთი მზადაა განაგრძოს ოპერაციული თანამშრომლობა გაერთიანებულ სამეფოსთან, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ბრიტანეთის პოლიცია ან სამხედრო პატრული ჩვენს სანაპიროზე. ეს ჩვენი სუვერენიტეტის საკითხია,“- აღნიშნულია წერილში.
კასტექსის განმარტებით, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისი გაერთიანებულმა სამეფომ უნდა მოაგვაროს. რამდენიმე დღის წინ ბორის ჯონსონმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მან საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გაუგზავნა და საჭირო ნაბიჯების სწრაფად გადადგმისკენ მოუწოდა.