საფრანგეთში ანტისამთავრობო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ABS-News-ი საფრანგეთის პროკურატურის წყაროზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ერიკ დრუე პარიზში მორიგი, უნებართვო აქციის ორგანიზების გამო მაშინ აიყვანეს, როცა ის ტრიუმფალურ თაღთან შეკრებილი მანიფესტანტებისკენ მიემართებოდა. ერიკ დრუე პირველად გასულ თვეში დააკავეს, მას სასამართლოს წინაშე წარდგომა აკრძალული იარაღის უკანონო ტარებისთვის 5 ივნისს მოუწევს. შეგახსენებთ, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ ორგანიზებული ანტი-სამთავრობო გამოსვლები საფრანგეთში 17 ნოემბრიდან იმართება. ამ დროის მანძილზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის სხვადასხვა ქალაქში არაერთი შეტაკება მოხდა. საერთო ჯამში კი დემონსტრაციების დროს 10 ადამიანი დაიღუპა. ემანუელ მაკრონის მთავრობის მხრიდან რიგ დათმობებზე წასვლის შემდეგ პროტესტის მასშტაბებმა მნიშვნელოვნად იკლო.