23:43
2 ივნისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
საფრთხეები, რასაც ბავშვებსა და მოზარდებს უმოძრაობა უქმნის - ახასიათებს ჭარბი წონა, მოხრილობა, ადვილად დაღლა, ემოციური გაუწონასწორებლობა
13-02-2019

ჰიპოდინამიის სინდრომი 21 საუკუნის დაავადებად და ტექნიკური პროგრესის თანმხლებ უარყოფით მოვლენად განიხილება. არც არის გასაკვირი, ტექნოლოგიების სრულყოფამ, სხვადასხვა მოწყობილობათა დახვეწამ და ზოგადად პროგრესმა, მაქსიმალურად შეუმცირა ადამიანს ფიზიკური დატვირთვა, თამამად შეიძლება ითქვას გააზარმაცა!

ჰიპოდინამია გულისხმობს კუნთების სისუსტეს, განპირობებულს ცხოვრების მჯდომარე წესითა და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით.

ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რადგანაც აფერხებს ორგანიზმის ნორმალურად ფორმირებას, უარყოფით გავლენას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე. იმუნიტეტის დაქვეითება და ბევრი დავადების ქრონიკული მიმდინარეობა, ხშირად სწორედ ჰიპოდინამიით არის განპირობებული. მოძრაობითი აქტივობა და რეგულარულად ფიზიკური დატვირთვა, არა მხოლოდ ხელს უწყობს ბავშვის ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებას, არამედ უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესთა რეგულაციას, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის სრულყოფას, აჯანსაღებს და აკაჟებს ორგანიზმს.
ფაქტია, რომ მოძრაობის ნაკლებობა, მუდმივად ჯდომა ან წოლა, მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას კი არ ვნებს,  მხოლოდ კუნთებსა და სახსრებს კი არ "აზარმაცებს" და ასუსტებს, არამედ, გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვასაც განაპირობებს. კუნთოვან მასაზე დატვირთვის შემცირება აუარესებს ქსოვილთა სისხლით მომარაგების პროცესს. ამის შედეგად უჯრედებამდე ჟანგბადის შეზღუდული რაოდენობა აღწევს და იწყება ჰიპოქსია. მოძრაობის რეგულარული დეფიციტისას ირღვევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული  სისტემების ნორმალური ფუნქციობა. დარღვევები ვლინდება ორგანიზმის სხვა სისტემების მუშაობაშიც. ცენტრალური ნერვული სისტემა კარგავს სათანადო ტონუსს, რამეთუ ნერვულ რეფლექტორული კავშირი კუნთებსა და ტვინს შორის მუდმივად ვარჯიშს საჭიროებს. კუნთოვანი მასის დასუსტებისა და ატროფიის შედეგად იზრდება ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, იცვლება ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, ვითარდება ე. წ. ასთენიზაციის სინდრომი - სისუსტე,  ჭარბი წონა, მოხრილობა, ადვილად დაღლა, ემოციური გაუწონასწორებლობა. ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია, არა იმდენად დატვირთვა, რამდენადაც რეგულარობა. ამიტომაც რეგულარულად ატარეთ ბავშვები ცეკვაზე, ცურვაზე, დააინტერესეთ ისინი სპორტის ამა თუ იმ სახეობით. აკონტროლეთ მოზარდის ფიზიკური დატვირთვა და ზოგადი აქტივობა!

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები