ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.
გამომძიებლის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ, მათგან 38 პირი პატიმრობაში იმყოფება. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.
ამასთან, როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიება, ასევე მიმდინარეობს, აღნიშნულ სქემაში შესაძლო მონაწილე საჯარო მოხელეთა გამოვლენის მიზნითაც.