დეკემბერი განსაკუთრებული ფუსფუსითა და მოლოდინებით სავსე პერიოდია. წელიწადის მე-12 თვე დღესასწაულებით დატვირთული და მომავლის იმედით გაჯერებული დროა, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ახალი წლის სამზადისშია. სხვადასხვა კულტურაში ამ მომენტისათვის განსხვავებულად ემზადებიან, თუმცა უკვე 25 დეკემბრისთვის ფაქტობრივად ყველა ოჯახში ირთვება ნაძვის ხე, საახალწლო დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი.
მარადმწვანე ხის ფერადი სათამაშოებით მორთვის ტრადიცია მე-16 საუკუნეში იღებს სათავეს. სტრასბურგის ტაძარში პროტესტანტმა რეფორმატორმა მარტინ ბისერმა 1539 წელს პირველად დაიდგა ნაძვის ხე. ლუთერანების მიერ ეს ჩვეულება ტრადიციად იქცა და ნელა-ნელა მოედო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს, ოღონდ უკვე არა როგორც უშუალოდ რელიგიური რიტუალი, არამედ სადღესასწაულო წეს-ჩვეულება, რომელიც ერთდროულად დატვირთულია სიმბოლიზმით, იმედით და ხალისით.
ფოლკლორის სპეციალისტთა მოსაზრებით საახალწლო ნაძვის ხე წარმართული ტრადიციებისა და რიტუალების გაქრისტიანებული ვერსიაა, რომელიც ზამთრის მზებუდობას უკავშირდება, წინათ მარადმწვანე მცენარის ტოტების გამოყენება და ხის, როგორც სიცოცხლის სიმბოლოს პატივისცემა იყო მიღებული. როგორც ტერმინის „საშობაო ნაძვისხე“ პირველი მოხსენიება 1835 წელს მოხდა ინგლისში, თუმცა მისი ფუძე გერმანულია, სწორედ ამიტომ ითვლება, რომ გერმანიიდან ნაძვის ხის საშობაოდ დადგმა პირველად ინგლისში გავრცელდა დედოფალი შარლოტას, გეორგ მე-3ის მეუღლის მიერ. ძალიან მალე ტრადიციამ ამერიკაშიც მოიკიდა ფეხი და არც დანარჩენ მსოფლიოს უთქვამს უარი მწვანე ხის მორთვის ტრადიციაზე საშობაოდ, რომელსაც ახალ წლამდე აჩერებენ და ამით დღესასწაულს ხალისსა და ბზინვარებას მატებენ.