2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უკრაინის გამარჯვებით დასრულდა. ქვეყნის წარმომადგენელმა ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA-მ ფინალში სიმღერა Stefania შეასრულა და 631 ქულით ევროფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ეს გამარჯვება კონკურსის ისტორიაში ბევრ საინტერესო პრეცედენტს ქმნის, თავად ბენდს კი ასევე გამორჩეული ისტორია აქვს. ამ ისტორიაში არაერთი ისეთი ფაქტია, რომელიც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.1. ბენდის სახელი უკრაინის ქალაქ კალუშს უკავშირდებაKALUSH ORCHESTRA, რეალურად, ჯერ კიდევ 2019 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის ერთ-ერთი პროექტია. ჯგუფს, უბრალოდ, KALUSH ერქვა, რაც ბენდის თანადამფუძნებლისა და რეპერის, ოლეჰ პსიუკის, მშობლიური ქალაქის სახელია. კალუში ქვეყნის დასავლეთით, ივანო-ფრანკივსკის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქია, თუმცა, ევროვიზიაზე უკრაინული ბენდის გამარჯვებით მისი სახელი უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო.KALUSH ORCHESTRA-მ 2022 წლის ევროვიზია სიმღერით Stefania მოიგო. ფოლკისა და რეპის ნაზავი ევროპელი მაყურებლისთვის საინტერესო ნამუშევარი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ტექსტი მთლიანად უკრაინულ ენაზეა, მისი მნიშვნელობაც ყველა ევროფანმა იცოდა — კომპოზიცია დედასთან ურთიერთობას ეძღვნება, სტეფანია კი სწორედ ოლეჰის დედის სახელია. Stefania-ს ტექსტი ნოსტალგიური განწყობის მატარებელია და დედობის სირთულეებზე ჰყვება.ევროვიზიის სცენაზე სიმღერის შესრულებისას ბენდს დარბაზი მისამღერზე თან ჰყვებოდა, თუმცა, ასევე ყველამ ზეპირად იცოდა ეგრეთ წოდებული ბრიჯი — "Люлі люлі люлі". ეს ნაწყვეტი ტრადიციული სლავური იავნანას ტექსტია, რაც სიმღერის ნოსტალგიურ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს — იავნანა ხომ ბავშვობის პერიოდთან ასოცირდება, როცა დედა უსაფრთხოებისა და სიმყუდროვის სიმბოლოა.აღსანიშნავია ისიც, რომ კომპოზიციაში ორი ტრადიციული უკრაინული მუსიკალური ინსტრუმენტია გამოყენებული: სოპილკა და ტელენკა.ნოსტალგიური მისამღერის გარდა, სიმღერის დიდი ნაწილი რეპია, რომელსაც პსიუკი ასრულებს. იმის მიუხედავად, რომ ევროვიზიაზე ტენდენციები ხშირად იცვლება და კონკურსი არც ჟანრობრივადაა დავიწროებული, რეპს ევროფესტივალის სცენაზე მაინცდამაინც ხშირად ვერ მოისმენთ. Stefania კი ევროვიზიის 66-წლიან ისტორიაში საერთოდ პირველი რეპ-სიმღერა გახდა, რომელმაც კონკურსზე გაიმარჯვა. ამასთან, ის მთლიანად უკრაინული ტექსტის მქონე პირველი სიმღერაცაა, რომელმაც ევროვიზიაზე ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა.