თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირების საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომლებიც 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გამოძიება მათ სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება.
საქალაქო სასამართლოში მათ მხარდასაჭერად შეკრებილები არიან პოლიტიკოსები, აქციის ორგანიზატორები, აქტივისტები და ოჯახის წევრები.
შეგახსენებთ, რომ 37 პირის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ირაკლი ნადირაძესა და მოქალაქეს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა. ნადირაძის განმარტებით, უცნობმა მოქალაქემ, რომელიც მისივე ვარაუდით, სუს-ის აგენტია, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.