დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის პირველ ნახევარშია დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას და რა შუამდგომლობას დააყენებს ის სასამართლოში. ამ დრომდე, პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, ის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. როგორც ადვოკატი აცხადებს, პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან მელიას მხრიდან მიმალვის, ან ახალი დანაშაულის ჩადენის არავითარი რისკი არ არსებობს.კონდახიშვილის თქმითვე, სამართლებრივად, მოსამართლეს ერთადერთი შანსი აქვს, რომ მან ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლოს, თუმცა, ამის მოლოდინი დაცვის მხარეს არ აქვს.